სააკაშვილის შეწყალების საკითხი იქნება კიდევ ერთხელ ლუსტრაცია, სალომე ზურაბიშვილი აღიქვამს თუ არა თავს ამ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებელ პირად, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილის დესტრუქციული და პოლიტიკური ვითარების არევისკენ მიმართული განცხადებების ფონზე, არ ვიცი, რას იზამს პრეზიდენტი, მაგრამ შეწყალება თავის შინაარსში ნიშნავს, რომ ვისაც იწყალებ, მას დანაშაულთან დაკავშირებით სინანულის გრძნობა უნდა ჰქონდეს.
საუბარი მარტო იმაზე კი არ არის, რომ სააკაშვილს სასამართლომ რაც მიუსაჯა, იმაზე იხდის სასჯელს, არამედ საქართველოში რაც შემოიპარა, მას შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ლამის ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა.
სააკაშვილმა არცერთი შესაძლებლობა არ დატოვა და ყველანაირი სპეკულაცია გამოიყენა, რომ საქართველო მთელი მსოფლიოსთვის მაქსიმალურად შავ ფერებში წარედგინა. აქ საერთოდ არსებობს რაიმე პასუხისმგებლობა შენი, როგორც პრეზიდენტის, შენი ქვეყნის იმიჯის, მისი დღევანდელობისა და მომავლის წინაშე, თუ ყველას შეუძლია, ფული იხადოს, რათა ქვეყანა დააზიანოს? შეწყალების საკითხი იქნება კიდევ ერთხელ ლუსტრაცია, სალომე ზურაბიშვილი აღიქვამს თუ არა თავს ამ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებელ პირად“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.