უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თავდაცვის ძალები რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვას სათანადოდ უპასუხებენ.
„ჩვენი უშიშროების და თავდაცვის ძალები სათანადო პასუხს გასცემენ რუსულ არმიას ხერსონზე თავდასხმისათვის. გასულმა კვირამ აჩვენა, რომ შავ ზღვაშიც და ყირიმის ტერიტორიაზეც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადგილას, ოკუპანტებს ყველგან მივწვდებით. დიდება ჩვენს ბიჭებს, რომლებიც ზუსტად ასე უბრუნებენ უკრაინას სამართლიანობას", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
11 ნოემბერს, ხერსონის გათავისუფლებიდან ერთი წლის თავზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ხერსონზე, მათ შორის კერძო სახლზე, რომელიც "ევროპული სოლიდარობის" რეგიონული საბჭოს წევრის, იგორ იოსიპენკოს ეკუთვნის.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.