რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას და ამის აღნიშვნა ხდებოდა გუშინ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროექტი არის პერსპექტივა, საქართველო ევროპული ერთიანობის, დემოკრატიის ნაწილი იყოს.
„ეს პროექტი არის პერსპექტივა საქართველოსთვის, ერთადერთი პერსპექტივა, უსაფრთხოების პერსპექტივა, პერსპექტივა იმისა, რომ ქვეყანა ევროპული ერთიანობის, დემოკრატიის ნაწილი იყოს, რის გარეშეც საქართველომ იცის, რომ მარტო რჩება რუსეთის წინაშე. ვფიქრობ, დემოკრატიისა და ევროპასთან ღირებულებების გაზიარების გარდა, მოტივაციაა იმის ცოდნა, რომ საქართველო არ შეიძლება, დარჩეს მარტო, იზოლირებული ამ უფრო და უფრო ტურბულენტურ მსოფლიოში, რომელშიც რუსეთმა აჩვენა და ყოველდღიურად აჩვენებს უკრაინაში, რაოდენ იმპერიალისტურია ის. რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას და ამის აღნიშვნა ხდებოდა გუშინ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, იხილონ ევოლუცია.
„ჩვენ დემოკრატიულ სისტემაში ვართ, ხალხის ხმა, ხალხის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ შევკრიბე გუშინ და არამხოლოდ აღსანიშნავად, რადგან არ ვიცოდით, აღსანიშნავი ამბავი იქნებოდა თუ არა. შევკრიბეთ ხელმოწერების კამპანიის დასაწყებად, რათა ევროკომისიისთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოს მთლიანი მოსახლეობა გულშემატკივრობს ევროპისკენ მიმავალ ამ გზას, რამაც უნდა მიგვიყვანოს 15 დეკემბრამდე, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე. მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება. 2024 წელი არჩევნების წელია, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდება. შეიძლება, ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა: „პრორუსულად მიჩნეულმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი სტატუსი ისტორიული გამარჯვება იყო. ხომ არ გაგაკვირვათ ამან?“ საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა:
„გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] გამახარა, რადგან ნიშნავს, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს, გარკვეულწილად, აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ. ვფიქრობ, სტატუსი, რომელსაც, იმედია, წლის ბოლოს მივიღებთ, მონიჭებული იქნება საქართველოსთვის არა როგორც „საბოლოო ანგარიშსწორება“, არამედ როგორც strings attached – უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე. დემოკრატიული არჩევნები თუ გვექნება, საშუალებას მისცემს, წარმოიშვას ახალი კოალიცია. ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენ გვერდით უნდა იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. {საქართველოს პირველი არხი}