თბილისის მერია საახალწლო ნობათებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ უფასო სასადილოების არც ერთი ბენეფიციარი ოჯახი ნობათის გარეშე არ დარჩება.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია საახალწლო ნობათის გარეშე ტოვებს თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილს, რომლებიც უფასო სასადილოების ბენეფიციარები არიან.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უფასო სასადილოს ბენფიციარი არცერთი ოჯახი, როგორც წინა წლებში, არც ამჯერად დარჩება ნობათის გარეშე.
საახალწლო ნობათები განსაზღვრულია ოჯახებისთვის და გაიცემა სულადობის მიხედვით. მაგალითად, 2-3-სულიან ოჯახს გადაეცემა 2 კალათი, 4-5-სულიან ოჯახს - 3 კალათი,
6-7-სულიან ოჯახს - 4 კალათი და ა.შ. სულადობის მიხედვით ნობათების გაცემის პრაქტიკა მოქმედებს უკვე არაერთი წელია.
ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საახალწლო კალათების შემადგენლობა, გახდა გაცილებით მრავალფეროვანი, შესაბამისად გაიზარდა ბიუჯეტი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, უფასო სასადილოს ბენეფიციარი ოჯახები სულადობის მიხედვით მიიღებენ აღნიშნული შემადგენლობის მქონე რამდენიმე ნობათს. პროდუქტების რაოდენობა განსაზღვრულია ისე, რომ მისი მოხმარება შეძლოს არა ერთმა, არამედ რამდენიმე ადამიანმა. შესაბამისად, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია თანხებს ზოგავს და სოცდაუცველ ოჯახებს საახალწლოდ ნობათების გარეშე ტოვებს, არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.