ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელების გათავისუფლების გარეშე, თუმცა აღნიშნა, რომ ისრაელს შეუძლია დაუშვას „ტაქტიკური პაუზები“ ჰუმანიტარული მიზნებისთვის.
"არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე, რაც შეეხება ტაქტიკურ პაუზებს, ერთი საათი აქ, საათი იქ, ჩვენ ის ადრეც გვქონდა ”, -თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ხელს შეუშლის სამხედრო ოპერაციებს, რომლებსაც არმია აწარმოებს „ჰამასის“ მებრძოლების წინააღმდეგ.
”ეს ხელს შეუშლის ჩვენს ძალისხმევას მძევლების გასათავისუფლებლად, რადგან ერთადერთი, რაც მოქმედებს ამ დამნაშავეებზე, არის სამხედრო ზეწოლა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ,” - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და აშშ-ს ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ახდენენ ზეწოლას ისრაელზე, რომ დროებითი ჰუმანიტარული პაუზა დადგეს, ღაზაში მეტი დახმარების მიწოდებისთვის.
ABC News აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ორშაბათს განიხილეს ეს საკითხი, მაგრამ, როგორც ჩანს, შეთანხმება არ მიღწეულა.