აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალაში ჩავიდა, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტ, მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებები გამართა.
მაჰმუდ აბასის განცხადებით, პალესტინის ეროვნული ხელისუფლება, მისი ხელმძღვანელობით, მზად არის აიღოს სრული პასუხისმგებლობა ღაზის სექტორზე, ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტილების ფარგლებში. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ უნდა მოიცვას დასავლეთ სანაპირო, აღმოსავლეთ იერუსალიმი და ღაზის სექტორი, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომის დასრულების შემდეგ,
მანამდე აბასის ადმინისტრაცია უარს ამბობდა ღაზის სექტორი მიეღო თავისი მმართველობის ქვეშ დააღნიშნავდა, რომ არ სურდა იქ „ისრაელის ტანკებით შესვლა“.
აბასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოებისა და მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ "პალესტინის სახელმწიფოს" ტერიტორიებზე ისრაელის სამხედრო კონტროლის შეწყვეტით და მის დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმის აღიარებით.
აღმოსავლეთ იერუსალიმის სტატუსი ათწლეულების განმავლობაში იყო ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებში. პალესტინელებს სურთ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი, სადაც სამი მსოფლიო რელიგიის წმინდა ადგილებია განლაგებული, მომავალი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარონ. ისრაელი კი მთელ იერუსალიმს თავის ერთ და განუყოფელ დედაქალაქად განიხილავს.
აბასმა ასევე აღნიშნა, რომ პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია, რომელიც მართავს ავტონომიას, არის პალესტინელი ხალხის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ ბლინკენმა "დაადასტურა ვაშინგტონის ერთგულება სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარული დახმარებისა და აუცილებელი სერვისების აღდგენის შესახებ" ღაზას სექტორში.
ბლინკენმა ასევე ნათლად განაცხადა, რომ პალესტინელები "არ უნდა დაექვემდებარონ იძულებით გადაადგილებას", - თქვა მილერმა.
ბლინკენმა და აბასმა იმსჯელეს დასავლეთ სანაპიროზე მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენის ძალისხმევაზე, მათ შორის პალესტინელების წინააღმდეგ ექსტრემისტული ძალადობის შეჩერებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
მილერის განცხადებით, ბლინკენმა გაიმეორა, რომ აშშ კვლავ მზად არის უზრუნველყოს თანაბარი ღირსება და უსაფრთხოება როგორც პალესტინელებისთვის, ასევე ისრაელელებისთვის.
ბლინკენმა ასევე გამოხატა აშშ-ს ვალდებულება იმუშაოს „პალესტინის ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზებაზე პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელად“.