უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებისთვის უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საშიში „ალტერნატივა“ შეიძლება იყოს რუსეთის თავდასხმა ნატო-ს ერთ-ერთ ქვეყანაზე.
ამის შესახებ ზელენსკიმ ტელერახ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთი თუ ყველას დაგვხოცავს, ის თავს დაესხმება ნატო-ს ქვეყნებს, თქვენ კი თქვენს შვილებს იქ გაგზავნით. ბოდიში, მაგრამ - ფასი უფრო მაღალი იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინის მოკავშირეებმა განაგრძონ მხარდაჭერა, რადგან კიევი იცავს საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა მოწოდება ქვეყანამ მიიღოს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები შეერთებული შტატებიდან. მისივე თქმით, უკრაინას განსაკუთრებით სჭირდება დრონები, რომლებსაც შეუძლიათ თავდასხმა და დაზვერვის მონაცემების შეგროვება. მისი თქმით, უკრაინამ გარკვეული დრონების წარმოება დაიწყო, მაგრამ მეტი სჭირდება. როგორც მან აღნიშნა, ასეთი დახმარების გარეშე უკრაინელებს წინსვლა გაუჭირდებათ.
„ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, ამიტომ ერთ-ერთი გზა საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოებაა.
მაგრამ ჩვენი ერთობლივი წარმოების დროს, ჩვენი გზავნილია მსოფლიოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, აზიის მიმართ: მოგვეცით საჰაერო თავდაცვის სისტემები, ამ პერიოდისთვის, განსაკუთრებით ამ პერიოდისთვის. ზამთარისთვის. ზამთარი ძალიან რთული პერიოდია“, - განაცხადა ზელენსკიმ.