ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, თელ ავივში ვიზიტისას განიხილავს ნაბიჯებს, რომელიც, ისრაელმა უნდა გადადგას ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირებისთვის. იუწყება CNN.
„შეერთებულ შტატებს, ისრაელს, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ პასუხისმგებლობა, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები.
ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლებელია და უნდა გადაიდგას ღაზაში კაცების, ქალებისა და ბავშვებისთვის ზიანის შესამცირებლად. ჩვენ გვექნება საუბარი, თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ პირობები გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის ისრაელელი და პალესტინელი ხალხისთვის. მოველი, რომ ამ თემებზე საუბრის შესაძლებლობა გვექნება მომდევნო ორი დღის განმავლობაში“,- აღნიშნა ბლინკენმა.
ბლინკენის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი და ღაზიდან ამერიკის მოქალაქეების გაყვანა.
ენტონი ბლინკენი ისრაელში 3 ნოემბერს ჩავა.