ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინფორმაციით, სინოდის სხდომა პატრიარქმა ჩაატარა და ყველა განსახილველი საკითხი მის მიერ იყო დაყენებული.
მისი თქმით, სინოდის სხდომაზე ლაპარაკი იყო სასაზღვრო ეპარქიებზე.
„სინოდის სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი არ იყო ლაპარაკი, არამედ სასაზღვრო ეპარქიებზე. ზოგი ეპარქიის ტერიტორია ოკუპირებულია, ზოგის – არა, ჩემი ეპარქიაც სასაზღვრო ზოლშია. მეუფე ისაიამ თავისი ეპარქიის ოკუპირებულ ნაწილზე მოგვიყვა. ძირითადად არის ახალგორის რაიონი და მოგვიყვა პრობლემების შესახებ, კომუნიკაციის პრობლემაზე, რადგან იქ ოკუპანტების მიერ საშვებია შემოღებული, რომლის მიღებაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სირთულესთან არის დაკავშირებული. როგორი იქნება სინოდის განჩინება, დასკვნა, ეს ვერსია ცოტა ხანში გამოქვეყნდება და წაიკითხავთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
მისი თქმით, ფაქტი, რომ პატრიარქი აბსოლუტურად საღად მართავს ეკლესიას, დღევანდელი სინოდის სხდომიდან არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
„სინოდის სხდომა თავიდან ბოლომდე ჩაატარა პატრიარქმა, ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, უშუალოდ მან დააყენა, ყველა საკითხზე გამოთქვა თავისი აზრი. ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, გამხნევება, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, პატრიარქი აბსოლუტურად ზუსტად წარმართავს არა მარტო სინოდის სხდომას, არამედ ეკლესიის მართვა-გამგეობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი. გახსოვთ, წინა სხდომა რამდენიმე საათით გვიან დაიწყო. დღეს იყო ძალიან დიდი სიხარული, რომ პატრიარქმა თავიდან ბოლომდე თვითონ, დამოუკიდებლად ჩაატარა სხდომა. ფაქტია, ეს არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად საღად მართავს ეკლესიას. ალბათ დღევანდელი სინოდის სხდომიდან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
მისი თქმით, უხერხულია პატრიარქის გადადგომაზე საუბარი.
„გირჩევთ ყველას, ჟურნალისტებს, ჩვენს მსმენელებს, არასდროს გაიმეოროთ მეტი პატრიარქის გადადგომის შესახებ. ერთი მხრივ, ეს ძალიან უხერხულია და, მეორე მხრივ, პირდაპირი შეტევაა პატრიარქზე. თავდასხმაა პატრიარქზე, როცა აკლებულია მედია ამ ინფორმაციით. პირდაპირ გეუბნებით, ამ თემაზე ლაპარაკი არის შეტევა პატრიარქზე. ეს არის პატრიარქის მიმართ რეკომენდაცია საზოგადოების სახელით, ოღონდ საზოგადოებას სულაც არ უნდა ეს. ამიტომ გირჩევთ, არასდროს გაიმეოროთ ეს. არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეს არ მოხდება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.