საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდის სხდომაზე ძირითადად შიდა საეკლესიო თემები და რეგიონში პოლიტიკური ვითარება განიხილეს.
„ზოგადად, გეტყვით, რა საკითხები იყო, ყოველ შემთხვევაში, არცერთი განცხადება, რაც გაკეთდა, თითქოს რაღაც მძიმე საკითხები უნდა ყოფილიყო გამოტანილი, მორიგ ჯერზე არ გამართლდა. ამიტომ, ტყუილად ნუ შევიყვანთ ხოლმე მოსახლეობას შეცდომაში, ეს ყველამ დავიმახსოვროთ. მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის. მიმოხილული იყო მაღალმთიან რეგიონებში არსებული ეპარქიები. ასევე, ზოგადად, განხილული იყო პოლიტიკური და საომარი ვითარებები, რაც ჩვენი რეგიონის ახლო-მახლო და სამეზობლოდ ხდება. განხილული იყო მიმდინარე საკითხები, რაც საეკლესიო თემებს ეხება, მათ შორის ლიტურგიკული საკითხებიც. ასე რომ, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი იყო, ძირითადად შიდა საეკლესიო საკითხებს ეხებოდა, დანარჩენი არის სპეკულაცია“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.