ისრაელის არმიის სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, გაარღვიეს „ჰამასის“ თავდაცვის პირველი ხაზი ჩრდილოეთ ღაზაში და მოკლეს დაჯგუფების ტანკსაწინააღმდეგო ძალების მეთაური.
როგორც ჰაგარიმ აღნიშნა, ისრაელელმა სამხედროებმა, რომლებიც მოქმედებდნენ ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში, შეძლეს "გაერღვიათ „ჰამასის“ პირველი ხაზი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით".
ჰაგარიმ აღნიშნა, რომ „დაზვერვის ზუსტი მონაცემების“ მიღების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეძლეს ჯგუფის ტანკსაწინააღმდეგო ძალების მეთაურის, მუჰამედ აცარის ლიკვიდაცია.
მანამდე ისრაელის არმიის ერთ-ერთმა მეთაურმა იციკ კოენმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის სიღრმისკენ გადაადგილდებიან და იმყოფებიან „ქალაქ ღაზის კარიბჭესთან“.