დაუყოვნებლივ თუ არ შეჩერდება ომი და თავდასხმები ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაზე, მძიმე შედეგები დადგება მათთვის, ვინც ამ ომს აწარმოებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა თურქეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
„სიონისტური რეჟიმი ყველა სახის აკრძალულ იარაღს იყენებს. ღაზის შესახებ ინფორმაციას თვალს თუ ადევნებთ, მსხვერპლი აჩვენებს აკრძალული იარაღის გამოყენების ტიპსა და მასშტაბს. ეს ომი დაუყოვნებლივ თუ არ შეჩერდება და ამერიკისა და ისრაელის მიერ არ შეჩერდება ერთობლივი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის, ღაზის ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ, მაშინ შედეგები მძიმე იქნება მათთვის, ვინც ამ ომს აწარმოებს. პასუხისმგებლობა რეგიონში სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლაზე დაეკისრება შეერთებულ შტატებს, ისრაელს და მათ, ვინც მხარს უჭერს ომის დანაშაულებს. თუ დაუყოვნებლივ არ შეჩერდება გენოციდი და ომის დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მაშინ ძალიან ახლოს ვიქნებით რეგიონში იმ წერტილთან, სადაც გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა.