ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მისი მოლოდინი პოზიტიურია და სურს, საქართველომ სტატუსი მიიღოს.
„ჩემი განცხადება აზრთა სხვადასხვაობის შესახებ იყო და ეს გამოჩნდა კიდეც. ამაში საგანგაშო არაფერი იყო. გამოჩნდა ისიც, რომ სტატუსი ყველას სჭირდება და განსაკუთრებით ქვეყანას იმისთვის, რომ საქართველო გაძლიერდეს. საჭიროდ მივიჩნევ, ვთქვა, რომ სტატუსი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ლევან ხაბეიშვილმა ჩემგან პასუხი გუშინ უკვე მიიღო და აღარ განვმეორდები. თქვენ რა გგონიათ, ლევან ხაბეიშვილი რაიმეს იტყვის, ამას ბულინგად აღვიქვამ? – ჩემზე თავდასხმა არ მოქმედებს. კანდიდატის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ განაცხადა: „ვწუხვარ, რომ ხატია დეკანოიძე და ხათუნა სამნიძე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ“. ხაბეიშვილის თქმით, განცხადებები, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებას, „სრული ბოდვა და სიგიჟეა“.