ხელფასი, ბენზინი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტს.
ნიკა მელია მენეჯმენტს რამდენიმე შეკითხვას უსვამს.
„მინდა, ოპოზიციას, კონკრეტულად კი „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მენეჯმენტს დავუსვა კითხვა, რომელიც ლეგიტიმურად აქვს ხალხს, პარტიის მხარდამჭერებს აინტერესებთ, კონკრეტულად, რა საქმეზეა „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში;
იმის ფონზე, რომ არავითარი მუშაობა არ შედგა 12 პუნქტთან დაკავშირებით, 12 პუნქტიდან შესრულებულია მხოლოდ სამი, ევროკომისიის დასკვნა კი ერთ კვირაში იქნება, ანუ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და ვერაფერი გაკეთდება – ვაიძულებთ ხელისუფლებას, შეასრულოს რეკომენდაციები, ანუ იძულებითი დემოკრატიზაციის მცდელობა არ გამოვიდა; 2023 წლის იანვრიდან პარლამენტარებს აეკრძალათ სააკაშვილთან შესვლა. შესაბამისად, არც ამ უფლების გამოყენებისთვის ხართ მანდ; ოპოზიციას, 50 ხმის არსებობის შემთხვევაში, აქვს კომისიის შექმნის უფლება – ვხედავთ, ამასაც არ გაყენებინებენ. გამოდის, რომ პარლამენტში გიწევთ ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართულ ოცნებისთვის“. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს. „უცხოელები გვთხოვენ, ვიყოთ აქ“ – არგუმენტი არ მიიღება. რას გთხოვენ, უფლებამოსილებას არ გაყენებინებენ, მაგრამ არაუშავს, აქ ისხედით მაინცო? კითხვა რიტორიკულია, თუმცა პასუხებს სიამოვნებით მოვისმენ“, – წერს ნიკა მელია.