აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 3 ნოემბერს ისრაელში ჩავა.
ეს ისრაელში ბლინკენის მესამე ვიზიტი იქნება 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ.
ბლინკენი გეგმავს შეხვდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის სხვა ოფიციალურ პირებს, ასევე ეწვევა რეგიონის რამდენიმე სხვა ქვეყანას. სახელმწიფო დეპარტამენტი არ აკონკრეტებს რომელ ქვეყნებში ჩავა ბლინკენი, ასევე უცნობია გეგმავს თუ არა ის პალესტინის ლიდერებთან შეხვედრას.
ისრაელის გაზეთ Haaretz-ის ინგლისური გამოცემა მიიჩნევს, რომ ბლინკენის ამ ვიზიტის დღის წესრიგი წინა ორისგან მკვეთრად განსხვავდება. უკანასკნელი ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ცდილობდა ისრაელისთვის დახმარება გაეწია და ამავდროულად მოუწოდებდა არაბულ ქვეყნებს ზეწოლა მოეხდინათ „ჰამასზე“, რათა მიეღწიათ მძევლების გათავისუფლებისთვის.
„ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად განსხვავებულ გარემოში გაიმართება. ათასობით პალესტინელი იღუპება და ჰუმანიტარული მდგომარეობა საათობრივად უარესდება. ამჯერად ბლინკენის ვიზიტის დღის წესრიგი დიდწილად ფოკუსირებული იქნება ღაზასთვის დახმარების სასწრაფოდ უზრუნველყოფაზე“, - წერს Haaretz.