„ჩვენ შეიძლება სხვადასხვა დამოკიდებულება გვქონდეს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა, რაღაც ხაზები არ უნდა გადავლახოთ“ - განაცხადა კახა კალაძემ, როდესაც მედიის წარმომადგენლებმა მას დღეს საქართველოს პარლამენტში კონკრეტული დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასება სთხოვეს.
„ვფიქრობ, ნებისმიერი გონიერი ადამიანი არ მიესალმება აღნიშნულს და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, სხვადასხვა დამოკიდებულება საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა. რაღაც ხაზები არსებობს და არ უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი. მესმის, პოლიტიკა, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებების გაკეთებისგან“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იყო განსაკუთრებული აგრესია ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით, დედაქალაქის მერმა უპასუხა, რომ დაკონკრეტება არასწორია და შეურაცხმყოფელი განცხადებები იმ დეპუტატების მხრიდანაც საკმაოდ ხშირია.
მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულებები არასწორია, განურჩევლად იმისა, ვინ რომელ პოლიტიკურ ბანაკში იმყოფება.
„ასე ნუ დავაკონკრეტებთ, ძალიან ბევრი შემთხვევაა იმ ქალი დეპუტატების მხრიდან გასაკუთრებული აგრესიის და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გვინახავს მათი მხრიდან პიროვნული შეურაცხყოფების. ეს არ არის ლამაზი ფორმა და ყველამ, მეც თუ მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის და ყველა უნდა ვეცადოთ, არ ვატკინოთ გული ერთმანეთს და არ მივაყენოთ ერთმანეთს ასეთი შეურაცხყოფები ზოგადად. იგივე თქვენი ტელევიზიის მეშვეობითაც ისეთი განცხადებები გაკეთებულა, იგივე ჩემთან მიმართებაში, როდესაც საარჩევნო კამპანია იმართებოდა, რამხელა ცილისწამებები მოდიოდა. რაც არ უნდა სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში ვიმყოფებოდეთ, მგონია, რომ არასწორია ასეთი დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.