ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ "სასტიკი ფსიქოლოგიური პროპაგანდა" უწოდა სამი ისრაელელი მძევლის ვიდეოს, რომელშიც ისინი ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ, რომ ვერ მოახერხა 7 ოქტომბრის თავდასხმის თავიდან არიდება.
ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სამი, სავარაუდოდ, მძევლად აყვანილი ისრაელელი ქალი ჩანს.
ჩანაწერში ერთ-ერთი მძევალი ემოციურად მიმართავს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, ადანაშაულებს მას "7 ოქტომბრის კატასტროფაში" და მოუწოდებს ჰამასის მიერ აყვანილი მძევლები გაცვალონ ისრაელის ციხეებში მყოფ პალესტინელებზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში ამბობენ, რომ „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ქალები იძულებულნი არიან ისაუბრონ მებრძოლების კარნახით, თავად ნეთანიაჰუ კი დაჯგუფებას ომის დანაშაულებში ადანაშაულებს.
„ჩვენი გული თქვენთანაა, ისევე როგორც ყველა სხვა მძევლებთან. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა გატაცებული და დაკარგული სახლებში დავაბრუნოთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.