სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ მისი ინსტიტუტი აწარმოებს „აქტიურ გამოძიებას“ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე, ისევე როგორც ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებაზე.
"აქტიურ გამოძიებას ვაწარმოებთ 7 ოქტომბერს ისრაელში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან, ასევე, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებით. ჩვენ აქ იურისდიქცია 2014 წლიდან გვაქვს", – განაცხადა კარიმ ხანმა.
პროკურორის თქმით, პროფესიულად იმუშავებენ, რათა "ბრალდება ფაქტისგან განასხვაონ" და რელევანტური მასალა სრულად გააანალიზონ.
"დამოუკიდებლად ვაკვირდებით სიტუაციას პალესტინაში, მოვლენებს ისრაელში, ბრალდებებზე, რომ პალესტინელმა მოქალაქეებმაც ჩაიდინეს დანაშაულები, გვჭირდება თანამშრომლობა და დახმარება". – თქვა ხანმა.
მისივე თქმით, შესწავლილი იქნება ყველა შესაბამისი მტკიცებულება.
„ეს არის ობიექტურობის მომენტი, ეს არის მომენტი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო არქიტექტურა აგებულია მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე, ჰოლოკოსტზე, ქალაქების განადგურებაზე მთელ ევროპაში, რომლებიც მიზნად ისახავს, შექმნას ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ აღარასოდეს დავინახოთ სისაძაგლეები, სადაც ხალხი შეიძლება იყოს სამიზნე მათი რასის, რელიგიის ან კულტურის მიხედვით. ეს დაპირებები უნდა შესრულდეს. ჩვენ დამოუკიდებლად ვუყურებთ მდგომარეობას პალესტინაში. ჩვენ ვუყურებთ ისრაელის მოვლენებს და ბრალდებებს, რომ პალესტინელებმაც ჩაიდინეს დანაშაული, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა და დახმარება”,- განაცხადა ხანმა.