ეგვიპტე და აშშ კვირას, 29 ოქტომბერს, ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გააფართოებენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. მას აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არაფერი უთქვამს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ჰაგარიმ „ჰამასის“ მებძროლები კიდევ ერთხელ დაადანაშუალა ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებაში.
„ჰამასის“ ტერორისტები მოქმედებენ სამქოლაქო შენობების ქვეშ სწორედ იმიტომ, რომ იციან, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები განასხვავებენ ტერორისტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს ერთმანეთისგან“, - თქვა ჰაგარიმ.
მანამდე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მხარეებს მოუწოდა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დაუყონებლივ დეესკალაციისკენ ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით.
„დაუშვებელია, რომ ინტენსიური დაბომბვების პირობებში ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას არ ჰქონდეს უსაფრთხო ადგილი გადაადგილებისთვის, ხოლო სამხედრო ბლოკადის პირობებში შეუძლებელია ადეკვატური ჰუმანიტარული რეაგირების უზრუნველყოფა. ეს არის კატასტროფული ჩავარდნა, რომელსაც მსოფლიო არ უნდა შეეგუოს“, - განაცხადა წითელი ჯვრის კომიტეტის პრეზიდენტმა, მირიანა სპოლიარიჩმა.
მისი თქმით, ღაზაში ჯანდაცვისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა აუცილებელია ადამიანების გადასარჩენად.