ღირსეული, ჯანსაღი, განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარი, მთავარი ფუნდამენტი, საძირკველია. ამ სიმტკიცეში მასწავლებლებს განუზომლად დიდი როლი გაკისრიათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მასწავლებლები საზოგადოების გამორჩეული წევრები არიან.
„მოგესალმებით, ძვირფასო მასწავლებლებო, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს, ელჩებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა. სიტყვა „მასწავლებელი“ გვეუბნება, ზოგადად, რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია ეს სტატუსი, რაოდენ საპასუხისმგებლო და საპატიოა. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა დაგიდასტუროთ, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები, ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები. ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია სწორედ თქვენ, ჩვენს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ, გმირ პედაგოგებს გაკისრიათ.
ვინც შეიძლება, რომ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინოს მოზარდის, მოსწავლის განვითარებაზე, აზროვნებაზე, მის ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად, ხართ თქვენ – სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია. საზოგადოებაში თქვენი განსაკუთრებული როლის ხაზგასმისა და დაფასებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია, თანაც ჩვენი მინისტრის ინიციატივით. თარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული, 27 ოქტომბერი, ქართული პედაგოგიკის ფუძემდებლის, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი საბავშვო მწერლის, საზოგადო მოღვაწის, დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე. საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი 10 000 ლარის ოდენობით. ძვირფასო პედაგოგებო, კარგად ვიცით, რომ მასწავლებლობა ოდიდგანვე გამორჩეული, საპატიო და ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა. ყველა ვთანხმდებით, რომ ღირსეული, ჯანსაღი, განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარი, მთავარი ფუნდამენტი, საძირკველია. ამ საძირკვლის სიმყარეში და სიმტკიცეში თქვენ განუზომლად დიდი როლი გაკისრიათ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მასწავლებლების ხედვას, რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, რათა, განათლების სამინისტროსთან ერთად, მეტად ეფექტური სისტემა შეიმუშაონ.
„ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ ზოგადი განათლების სისტემაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ, მშობლები, ჩვენი მოქალაქეები განდობთ ჩვენთვის საუკეთესოს, ჩვენს შვილებს, ამიტომ თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს ათასამდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას, რაშიც ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება. ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს, დაახლოებით 400 სკოლაა უკვე შერჩეული და ამ სკოლებში სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, დაწყებულია 1 000 საბავშვო ბაღის რემონტი-რეაბილიტაცია. ამ პროექტშიც ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება. რა თქმა უნდა, კარგად გვესმის განათლების ხარისხის მნიშვნელობის გაზრდა, ასევე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე თუ სხვა უფრო ეფექტური სისტემის შემუშავებაზე. არაერთი განხილვა მქონდა განათლების მინისტრთან და ვიცი, რომ ინტენსიურ შეხვედრებს მართავს მასწავლებლებთან, ისმენს თქვენს რეკომენდაციებს, ხედვებს, რჩევებს. მერწმუნეთ, თქვენს ხედვას აუცილებლად გავითვალისწინებთ, რათა მეტად ეფექტური სისტემა შევიმუშაოთ სამინისტროსთან, მინისტრთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ გპირდებით კვლავაც გვერდში დგომას, იცოდეთ, რომ მთავრობა, პირადად მე, მინისტრი, ყველანი მზად ვართ, მოგისმინოთ, მივიღო თქვენი რჩევები, რეკომენდაციები და შესაბამისად მოვაწყოთ, გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა.
ძვირფასო მასწავლებლებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მასწავლებლის სტატუსი და პროფესია მეტად დაფასებული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამ მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ოჯახებს – სიძლიერესა და კეთილდღეობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.