ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს სენატში ჯეიმს ო ბრაიენის მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, თავისუფალი სამყაროდან და აშშ-დან ჩვენ არავინ არაფერს არ გვაძალებს და მათ მიერ გაკეთებული გზავნილი მარტივი და გასაგებია.
მისი თქმით, თუ გვინდა, ჩვენი ისტორიული არჩევანი დავიცვათ, რათა თავისუფალი და დაცული ქვეყანა ვიყოთ ყველა მოქალაქისთვის შესაძლებლობებით, მაშინ არ უნდა გვყავდეს პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი, როგორიც დღეს გვყავს.
„დასავლეთს აქ უნდა ჰყავდეს პარტნიორად ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არც პოპულისტია და არც შავრაზმელი, როგორიც სამწუხაროდ დღეს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ეს ამოცანა გვაქვს ქართულ საზოგადოებას ამ არჩევნებზე შესასრულებელი, ამ პუტინისტების ნაცვლად უნდა მოვიყვანოთ არაშავრზმული, არაპოპულისტური, პროდასავლური ანუ პროქართული, გონიერი ძალა ხელისუფლებაში“ - თქვა გიგა ბოკერიამ.
ობრაიენმა სენატში საქართველოზე საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, თუმცა, შეიძლება, ბიზნესისა და პოლიტიკური გავლენების მქონე გარკვეულ ჯგუფებს ერჩივნოთ რუსეთსა და დასავლეთს შორის რუხ ზონად დარჩენა. როგორც მაღალჩინოსანმა განმარტა, აშშ-მ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციები სწორედ გარდამტეხი წერტილის მისათითებლად დააწესა.
"საკითხავია ბიზნესების მცირე ჯგუფები და სხვები, ვისაც პოლიტიკური გავლენა აქვს, ხომ არ სურთ იყვნენ რუხი ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის". - თქვა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა.