ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა, რამხელა შეცდომა დაუშვა შარშან ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი დაჩაგრა. ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, როცა დამსახურების პრინციპებიდან გადახვევა ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება დეკემბერში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა, რამხელა შეცდომა და უსამართლობა დაუშვა შარშან ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი დაჩაგრა. ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, როცა დამსახურების პრინციპებიდან გადახვევა ხდება. შარშან თუ ვინმე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საქართველო საკუთარი მიღწევებით აბსოლუტურად ყველა სფეროში.
იმედი მაქვს, ამ ჯერზე 27 ქვეყანას შორის საქართველოს ნამდვილი მეგობრების სიტყვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე იმ ჯგუფების, ვინც შეიძლება დღემდე, მიხეილ სააკაშვილთან მათი განსაკუთრებული კავშირებიდან გამომდინარე, ცდილობენ, პროცესი ჩაშალონ. სწორედ ასეთი პროცესის ნაწილია ოპოზიციაც, რომელიც წელიწად-ნახევარი ზუსტად ამას აკეთებდა. შარშან, ივნისში მათ წარმატებას მიაღწიეს იმით, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩაშალეს. ვნახეთ, რატომაც უნდოდათ ჩაშლა.
ერთადერთი, რაც მათ უნდათ, აბსოლუტური ძალაუფლებაა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ჰქონდათ, ძალაუფლების დაბრუნება სურთ, რათა ჩაგვრის, წამებისა და ადამიანის ღირსების შელახვის სისტემა დააბრუნონ. ეს არის, რაც ესიზმრებათ და ელანდებათ დღისით და ღამით. მცდელობები დღესაც არის. ვხედავთ, რამდენიმე ოპოზიციონერს, რომელიც ცდილობს, ამ გემიდან გაიქცეს, თუმცა თავად ამის მონაწილე იყო, როცა მაჩანჩალად წარმოაჩენდა ქვეყანას, რომელიც ლიდერია არა მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, არამედ მთლიანად რეგიონში. შეხვედრებზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ქვეყანას მაჩანჩალად და მის ხელისუფლებას ლამის დიქტატორად წარმოაჩენდნენ. ახლა ცდილობენ, ამ გემიდან გაიქცნენ, ვინაიდან ხვდებიან, რომ ისინი აგებენ და ქართველი ხალხი იგებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.