მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით იწყება ჰუმანიტარული პროექტი, რომელშიც ჩართულია ძალიან ბევრი ექიმი. მისი თქმით, პროექტის მონაწილეები ჩავლენ საქართველოს ყველა რეგიონში და სამედიცინო კუთხით მოსახლეობას დახმარებას გაუწევენ.
„დღე არ გაივლის, რომ არ მივიღო უამრავი წერილი, თუ რა მძიმე სოციალური პრობლემების წინაშეა ქართველი ხალხი, თუ როგორ უჭირთ ექიმებთან ვიზიტი და სრულფასოვანი მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, რომელშიც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი. ვაპირებთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას და შეძლებისდაგვარად სამედიცინო კუთხით დახმარების გაწევას!’, - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ. ~
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი არის ჰუმანიტარული აქცია და პოლიტიკურ დღის წესრიგთან კავშირი არ აქვს.
ჩვენი ინიციატივა შეიძლება ხელისუფლებისთვის ღიმილისმომგვრელი იყოს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ სასაცილოდ გვაქვს საქმე, როცა გაჭირვებული ადამიანი მწერს, რომ გაჭირვების გამო, არჩევანს აკეთებს საკვებსა და ექიმთან ვიზიტს შორის. როცა მშობლებს, საკუთარი შიმშილის ფასად უწევთ ჩვილი ბავშვების გამოკვება, როცა სრულყოფილი მკურნალობის მიღება ფუფუნების საგნად გადაიქცა. დღეს საქართველოში ჯანდაცვაც კი ხელმისაწვდომია მხოლოდ ივანიშვილის კლანისთვის და არა თითოეული თქვენგანისთვის. მე, სოფო ჯაფარიძე, ვიქნები იქ სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები. მე ყველაზე კარგად მესმის თქვენი, როგორც დედას, როგორც ქალს და როგორც შვილს. თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობა არ უნდა იყოს ოჯახებისთვის მძიმე ტვირთი! მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ჰუმანიტარული აქცია და ამ ინიციატივას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგთან. დავიწყებთ 4 ნოემბერს და საიდან დავიწყებთ, დეტალებს აუცილებლად მალე გაიგებთ,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.