ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების დასაბრუნებლად ყველაფერი კეთდება. ამის შესახებ სატელევიზიო მიმართვისას ისაუბრა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება, თუმცა სხვა დეტალებზე - ვადებზე ან სხვა ნებისმიერ ინფორმაციაზე სახმელეთო ოპერაციის შესახებ არ უსაუბრია.
„ჩვენ უკვე გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი და ეს მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
„ამავდროულად, ჩვენ ვემზადებით სახმელეთო შეჭრისთვის. როდის, როგორ და რა რაოდენობით, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ასევე არ განვიხილავ დეტალებს სხვადასხვა გათვლებზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომლის შესახებაც საზოგადოებამ დიდწილად არ იცის და ზუსტად ასე უნდა იყოს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როდის მოხდება ჯარების გაგზავნა ღაზას სექტორში, მთავრობის სპეციალური სამხედრო კაბინეტი მიიღებს.