ახლა მართლა არსებობს რეალური შანსი გამარჯვების, არა ოპოზიციის სიძლიერის, არამედ პირველ რიგში საგარეო ფაქტორების გამო, რომელმაც გამოავლინა ხელისუფლების მოღალატე სახე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.
“ორი კვირა დარჩა და სტატუსის საკითხიც გაირკვევა.
ხელისუფლებამ როგორ არ დაინდო ქვეყანა ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს კარგად გამოჩნდა. ოპოზიციის ის ნაწილი ( საბედნიეროდ, უმცირესი), რომელიც ფიქრობს, რომ სტატუსის მიღება აძლიერებს “ოცნებას” და სჯობია ჯერ არჩევნები მოვიგოთ და სტატუსიც თავისით მოვა, არის უპასუხისმგებლო, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. რომ წავაგოთ არჩევნები, უსტატუსო ქვეყანაში, რუსეთთან პირისპირ, 2028 წლამდე, რა მოვლენები განვითარდება, ვიცით? რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რეგიონში ამ პერიოდში ვიცით? ერთი რამ ყოველთვის ვიცით ოპოზიციაში, რომ არჩევნებს არასდროს წავაგებთ, მაგრამ რამდენჯერაც ჩატარდა, იმდენჯერაც წავაგეთ. ახლა მართლა არსებობს რეალური შანსი გამარჯვების, არა ოპოზიციის სიძლიერის, არამედ პირველ რიგში საგარეო ფაქტორების გამო, რომელმაც გამოავლინა ხელისუფლების მოღალატე სახე. ამ შანსს გამოყენება უნდა და ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობით იგი სულაც არ არის სახარბიელო.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აძლიერებს ქვეყანას და ოპოზიციის წისქვილზეც ასხამს წყალს. ვინც ამას ვერ ხვდება, ძალიან შორსაა საღი აზრისაგან ან რაღაც ვიწროტაქტიკურ ილუზიებშია ჩაფლული. ილუზიები ჩვენი საყვარელი სიამოვნებაა“, - წერს რომან გოცირიძე.