შემიძლია დავადასტურო, პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, სტატუსის მინიჭებისთვის გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანია ყველამ ერთად დაადასტუროს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი სტატუსის მიღებას იმსახურებს და ამ მხრივ პარტნიორებთან ერთიანი გზავნილი გაჟღერდეს.
„შემიძლია დავადასტურო, რომ პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, როცა კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს. როდესაც პარტნიორებმა მოგვმართეს და მათთან ვსაუბრობდით, მე და ხათუნა სამნიძე ერთად ვიყავით... მე არავითარი გვარების დასახელებას არ ვაპირებ, რა თქმა უნდა.
ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რომელიმე პარტიის შიდა საკითხი არ არის. ეს ქვეყნის გაძლიერების საკითხია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ერთიანი გზავნილი წავიდეს. თუ ვინმეს განსხვავებული მოსაზრებები აქვს, ეს ღიად და საჯაროდ უნდა ითქვას და ესეც არგუმენტირებული უნდა იყოს, - განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.