„არ შეიძლება ზოგადი დაუსაბუთებელი საუბარი ფაქტების გარეშე. ბრალდება უნდა მიემართებოდეს „ქართულ ოცნებას“ და თუ კი ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, ეს ინფორმაცია უნდა იყოს კონკრეტული, სხვაგვარად მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდის წისქვილზე ვასხამთ წყალს.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ყველა, ვინც განცხადებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში არ არსებობს ერთიანობა, ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ პროპაგანდას
„ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ და არ შეიძლება ზოგადი დაუსაბუთებელი საუბარი ფაქტების გარეშე. თუ კი ხდება რაიმე ფაქტი, თუნდაც ოპოზიციის მხრიდან, რომელიც დადასტურებულია და ყველამ იცის ბუნებრივია, შესაბამისად უნდა აგოს პასუხი, მაგრამ დაუსაბუთებლად საკუთარი თანამებრძოლების მიმართ ხელის გაშვერა ამ სიტუაციაში, როდესაც „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდა განსაკუთრებული ცინიზმით გვებრძვის, ჩემი აზრით სრულიად გაუმართლებელია.
განვლილი თვენახევრის განმავლობაში მე რვა ქვეყანაში ვიყავი, ბრიუსელშიც ვიყავი და კიდევ 7 ქვეყნის დედაქალაქში და ჩემი ქვეყნის ვიზიტების ამოცანა ზუსტად ის იყო, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. უკლებლივ ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან სიტუაციაში „ქართული ოცნების“ საბოტაჟის ფონზე, პროდასავლური ოპოზიცია იქცევა მაღალი შეგნებით და იქცევა ისე, როგორც სჭირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ეს მესმის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან და ამიტომაც ვამბობ, რომ პირველი - ბრალდება უნდა მიემართებოდეს „ქართულ ოცნებას“ და მეორე - თუ კი ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, ეს ინფორმაცია უნდა იყოს კონკრეტული, სხვაგვარად მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდის წისქვილზე ვასხამთ წყალს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“.