ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით. მავნებელთა დიდი გუნდია შეკრებილი, გაერთიანდნენ, რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბეს და ფიქრობენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება განაპირობებს რევოლუციური პროცესის დაწყებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, სამნიძე ახალს არაფერს ამბობს.
„რამდენად სკანდალურია სამნიძის განცხადება, არ ვიცი. სკანდალური ის არის, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ გააფთრებული მებრძოლი საუბრობს ისეთ თემაზე, რაც ყველასთვის ცნობილი იყო, ეს არის სკანდალური, თორემ ახალს არაფერს ამბობს. ის, რომ ბრიუსელის თუ სხვა ქვეყნის დედაქალაქებში, კაბინეტებში დარბოდნენ კონკრეტული პიროვნებები და საქართველოსთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, სტალინის ძეგლების აგების თემიდან დაწყებული და დამთავრებული სხვა ყველა უბედურებით, რომ აქ შავი ხვრელებია და რუსეთი საქართველოს მეშვეობით სანქციებს გვერდს უვლის, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით. მავნებელთა დიდი გუნდია შეკრებილი, გაერთიანდნენ, რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბეს და ფიქრობენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება განაპირობებს რევოლუციური პროცესის დაწყებას. ეს სქემა აშკარა გახდა, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, მათ შორის, ხათუნა სამნიძის განცხადებაც, რასაკვირველია, ამ რიგში უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“.