ეს არის ის, რასაც ვლაპარაკობთ უკვე წელზე მეტია და გვეკამათებიან, როგორ ვიკადრეთ თქმა, რომ „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერი პირდაპირ ეხვეწება საელჩოების, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ევროპელ კოლეგებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს ქვეყანამ, ან თუ მიიღებს, ეს მოხდეს არჩევნების შემდეგ, –ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ხათუნა სამნიძის განცახდებასთან დაკავშირებით შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„უკვე გასკდა ეს ამბავი იმ ადამიანების შიგნით, ვინც ამით იყვნენ დაკავებული. ჩვენ ამაზე რომ ვლაპარაკობდით, სასტიკად გვაკრიტიკებდნენ. კონკრეტულად შეგვიძლია, დავასახელოთ განსაკუთრებით ვის აქვს სიმწვავე ამ განცხადებებში და ვინ იხვეწება, რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცენ ქვეყანას. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაცმოძრაობა“ , „ლელო“ და გვარამია, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ ფლანგს შეეკედლოს და სად დაიდოს თავისი პოლიტიკური ბინა. აი, ეს სამი სუბიექტია. ახლა თუ გნებავთ ჰკითხეთ, რა ვიცი ახლა გაუჭირდებათ თუ არ გაუჭირდებათ ამისი აღიარება კონკრეტიკის დონეზე, მაგრამ იქნებ ისიც ინამუსონ, რომ ბოლომდე თქვან, ვინ არის განსაკუთრებით ამ საქმიანობით დაკავებული. ისე არავინ არ ჩამოუვარდება ერთმანეთს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“.