ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 26-27 ოქტომბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ნათია თურნავა მთავარი მომხსენებელი იქნება პანელურ დისკუსიაში "ფინტეკის მომავალი მზარდ ეკონომიკაში".
დისკუსიაში ნათია თურნავასთან ერთად გლობალური ტექნოლოგიების ცნობილი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას - 500 Global-ის პარტნიორი პედრო ვიეირა, MME-ის იურიდიული პარტნიორი, არაერთი საერთაშორისო ტექნოლოგიისა და ფინანსური ბაზრის კომპანიის მრჩეველი ანდრეას გლარნერი, Bybit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბენ ჟოუ, Pave-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი სალიმ დანანი. პანელს მოდერატორობას BBC World News-ის წამყვანი და ცნობილი სახე აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს.
"მომავლის მსოფლიო ციფრულ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. სერვისებისა და პროდუქტების გაციფრულება აჩქარებს განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას, აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან და რესურსების უკეთ გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს ეხება მათ შორის ტრადიციულ საბანკო სექტორსაც. ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაზე, ფინტექს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დიდი გავლენა აქვს. განსაკუთრებულია ეს გავლენა განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის.
"აბრეშუმის გზის ფორუმი" მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ტექნოლოგიების მხარდამჭერი რეგულაციური პოლიტიკის წარმოსაჩენად, რომელსაც სულ უფრო მეტად დადებითი გავლენა ექნება "შუა კორიდორის" ქვეყნებს შორის ფინტექზე დაფუძნებული რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად ვფიქრობ აღნიშნული ფორუმ მნიშვნელოვანი პლატფორმაა", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს საქართველო წელს უკვე მეოთხედ მასპინძლობს. ეს არის ორდღიანი პლატფორმა, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში წელს საქართველოს 60 ქვეყნიდან 2000-ზე მეტი დელეგატი ესტუმრება.