„ჰამასის“ ყოფილმა მძევალმა იოჰევედ ლიფშიცმა, რომელიც მებრძოლებმა 23 ოქტომბერს გაათავისუფლეს, თელ ავივის ერთ-ერთ კლინიკაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ღაზაში თავისი ტყვეობის შესახებ ესაუბრა. იუწყება BBC
მან თქვა, რომ გაიარა ჯოჯოხეთი, როდესაც „ჰამასის“ ტერორისტებმა მოტოციკლით გაიტაცეს. გარკვეულ მომენტში მას ჯოხებით სცემეს და აიძულეს ფეხით ევლო.
თუმცა, მისი თქმით, როდესაც ის გვირაბებში მიიყვანეს, იქ სულ სხვა ვითარება დახვდა.
„ისინი ჩვენ რბილად გვექცეოდნენ. გვმარაგებდნენ ყველა საჭიროებით“, - უპასუხა იოჰევედმა შეკითხვას, თუ რატომ გაუწოდა ხელი გათავისუფლების შემდეგ ერთ-ერთ მებრძოლს.
„ჩვენ ვჭამდით იგივე საკვებს, რასაც ისინი - პურს ყველით, მდნარ ყველს, კიტრს. ეს იყო მთელი დღის საჭმელი“, - განაცხადა ლიფშიცმა.
„ისინი ჩვენ კარგად გვექცეოდნენ“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ ყოველ ორ-სამ დღეში მასთან და დანარჩენ მძევლებთან მიდიოდა ექიმი და წამლებს აძლევდა.
ლიფშიცმა მებრძოლები ძალიან მეგობრულ და თავაზიან ადამიანებად დაახასიათა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ მძევლების ასაყვანად.
„როგორც ჩანს ისინი მზად იყვნენ ამისთვის, დიდხანს ემზადებოდნენ. მათ ჰქონდათ ყველა საჭირო ნივთი კაცებისა და ქალებისთვის, მათ შორის შამპუნიც კი“, - უთხრა ლიფშიცმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, მძევლებს ლეიბებზე ეძინათ.
მან „ჰამასის“ გვირაბების უზარმაზარი ქსელი ობობის ქსელს შეადარა.
ლიფშიცმა გააკრიტიკა ისრაელელი სამხედროები იმის გამო, რომ არასერიოზულად მოეკიდნენ თავდასხმის მოსალოდნელ საფრთხეს.
ოჯახმა ამ დრომდე არ იცის იოჰევედის ქმრის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ასევე „ჰამასის“ მძევალია. იოჰევედის ქალიშვილი შერონი ამბობს, რომ ის დედასთან ერთად არ ჰყავდათ, ამიტომ იოჰევედმა მის შესახებ არაფერი იცის.
შერონის თქმით, მამამისი აქტიურად იყო დაკავებული პალესტინელების უფლებების დაცვით და მუშაობდა მეზობლებთან მშვიდობის დამყარებისათვის სხვადასხვა მიმართულებით. „ის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ერთად ცხოვრების გზები უნდა მოგვენახა.. და ძალიან მედგრად იბრძოდა ოკუპაციის იდეისა და მუდმივი ომის იდეის წინააღმდეგ“, - ამბობს შერონი.
მისივე თქმით, მამამისი კარგად ლაპარაკობს არაბულად და კარგად შეძლებს იქ ხალხთან ურთიერთობას. „ის იცნობს ძალიან ბევრ ადამიანს ღაზაში. მინდა მჯეროდეს, რომ ის, იქ კარგად იქნება“, - განაცხადა შერონმა.
იოჰევედ ლიფშიცი ერთ-ერთია იმ ორ ქალს შორის, რომელიც „ჰამასმა“ 23 ოქტომბერს, საღამოს გაათავისუფლა.
„ჰამასმა“ ამ დროისათვის მხოლოდ იოთხი მძევალი გამოუშვა - 79 წლის ნურით კუპერი, 85 წლის იოჰევედ ლიფშიცი და ამერიკის ორი მოქალაქე - ჯუდით რანაანი და მისი 17 წლის ქალიშვილი ნატალი. ისრაელის ცნობით, „ჰამასს“ 222 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.