სალომე ზურაბიშვილი ისეა მოტივირებული, როგორც ჩვენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
“შეხვედრაზე ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყო. განხილვის მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ დარჩენილ მოკლე დროში, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ვისაუბრეთ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. მათ შორის, მედიის წინააღმდეგ კანონზე, ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვქონდა, რატომ არის ეს კანონი პრობლემური. ეს მოვახსენეთ საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი.
პრეზიდენტის პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით ამ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი უკავშირდებოდა იმას, რომ ძალიან მალე უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხი და დარჩენილ დღეებში რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხს დამატებითი ლეგიტიმაცია მივცეთ. ეს იყო მთავარი თემა, არანაირ სხვა პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა. ის ისეა მოტივირებული როგორც ჩვენ, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს,“- განაცხადა ანა წითლიძემ.
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე, პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.