ლევან იოსელიანმა უპასუხა ოპოზიციონერ დეპუტატს, როსტომ ჩხეიძეს, რომელმაც იოსელიანი წინა ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას შეადარა და უთხრა, რომ მისი ხმა ისე არ ისმის, როგორც ეს სახალხო დამცველს შეეფერება და მასგაუბედავი უწოდა.
“ბატონმა როსტომ ჩხეიძემ მითხრა, რომ თავი ვერ გამოვიჩინე, ისე არ ვირჯები, როგორც უნდა ვირჯებოდე და ა.შ. ასევე, წინა სახალხო დამცველს შემადარა და მოკლედ, ტემპერამენტი დამიწუნა. ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან ეს თქვენი მოსაზრება იყო, რომელიც ჩემ შესახებ თქვით. უბრალოდ, ალბათ, დრო რომ გავა, ბევრი რამე მერე გამოჩნდება. მაგრამ, ზოგადად, იმას გეტყვით, რომ წინა სახალხო დამცველი გურული იყო, მე სვანი ვარ და ბუნებრივია, ტემპერამენტში განსხვავება იქნება, ხომ? ეს ხუმრობით, მაგრამ, ალბათ, დრო უკეთესად გამოაჩენს და შეიძლება, თქვენი წუხილები შემდგომი ანგარიშების დროს განქარვდეს”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.