ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა, სადაც კოლეგებთან ერთად ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარებას განიხილავს.
„სუნაკი განიხილავს რეგიონული ესკალაციის და მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომი დანაკარგის თავიდან აცილების აუცილებლობას“, – აღნიშნეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში.
მანამდე რიში სუნაკი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ-სალმანს შეხვდა და საუდის არაბეთს მოუწოდა, ხელი შეუწყოს სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში.
ბრიტანეთის პრემიერი საუდის არაბეთში ისრაელიდან ჩავიდა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე რიში სუნაკმა განაცხადა: „ვიცით, რომ "ჰამასის" ტერორისტებისგან განსხვავებით, ყველაფერს აკეთებთ, რომ თავიდან აიცილოთ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი. ვამაყობ, რომ აქ, თქვენთან ერთად ვდგავარ ამ მძიმე დროს, როგორც ისრაელის მეგობარი. ჩვენ ვიდგებით თქვენთან ერთად, გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ“.