ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ და არ დავუშვებთ, რომ „ჰამასის“ მსგავსმა ტერორისტებმა და პუტინის მსგავსმა ტირანებმა გაიმარჯვონ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან ამერიკელებისადმი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. პრეზიდენტმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა და რატომ სთხოვს კონგრესს მილიარდობით დოლარის გამოყოფას ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელებს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან 19 ოქტომბერს, ვაშინგტონის დროით საღამოს 8 საათზე მიმართა.
როგორც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, „ჰამასი“ და პუტინი სხვადასხვა ტიპის საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ აერთიანებთ ის, რომ მეზობელი დემოკრატიული ქვეყნების მთლიანად განადგურება უნდათ. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ შეერთებული შტატები ვალდებულია ეს არ დაუშვას, რადგან ის წარმოადგენს დიად ერს და მთელი მსოფლიოსთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურას.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ისტორია გვასწავლის, რომ როცა ტერორისტები და დიქტატორები ტერორისა და აგრესიისთვის საფასურს არ იხდიან, უფრო მეტი ქაოსი, ნგრევა და სიკვდილი მოაქვთ. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ პუტინს არ შეაჩერებენ, ის მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და სხვა ქვეყნებშიც შეიჭრება.
ბაიდენს რ დაუსახელებია კონკრეტული თანხა, რომელსაც ისრაელისა და უკრაინისთვის კონგრესისგან ითხოვს. ამერიკული მედიის ცნობით, საუბარია 100 მილიარდ დოლარზე, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინას უნდა მოხმარდეს, 14 მილიარდი ისრაელს, გარკვეული ნაწილი ტაივანს და დანარჩენი კიდევ რამდენიმე მოკავშირეზე უნდა განაწილდეს.