ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება იმ ინფორმაციისაგან, რომელიც მან საჯარო სივრცეში განათავსა.
„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში. ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელს 7-იდან 15 წლამდე. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის შესახებ გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე გამოიკითხა და არა დაიკითხა, რადგან ჩვენ სამსახურს კანონმდებლობით გამოკითხვის უფლება გვაქვს. მინდა, გითხრათ, რომ ფარცხალაძის მიერ გამოკითხვის რეჟიმში მოწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება იმ ინფორმაციისაგან, რომელიც მან განათავსა საჯარო სივრცეში. ასე რომ, შინაარსს ადვილად მიხვდებით. მან საჯარო სივრცეში რაც განაცხადა, ამაზე დიდი არაფერი განუცხადებია. ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გამოძიების გეგმის მიხედვით გაიწერა. მათი უმეტესი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი კი შესრულების პროცესში“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
კითხვაზე, იმყოფება თუ არა ფარცხალაძე საქართველოში, ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ მან საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა.
„ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.