„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიმართ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„კანონპროექტი გაგზავნილია ევროკავშირში, ვარიანტებიც შევთავაზეთ. სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს თითი დაადეს და მას ვიღებთ, დამთავრებული ამბავია. უხამსობაზე ჩანაწერი ძველია და რჩება, როგორც მოქმედებდა წარსულში, ასევე იმოქმედებს დღესაც. კულტურის საქმე რაც არის, ამაში არ ვერევით. პროექტის დეტალებიც კი არ ვიცი, კენჭისყრამდე გავეცნობი და რატომ? – არავითარი პოლიტიკური ინტერესი ცვლილებების მიმართ არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება. ევროკავშირის არჩევანი იყო ჯერ თვითრეგულირება და შემდეგ კომისია. სამიდან ეს ვარიანტი აირჩიეს. ვუთხარით, რასაც გვეტყვით, იმას გავაკეთებთო. ვინმეს ეს კანონპროექტი თუ არ მოსწონს, ევროკავშირს უნდა ელაპარაკოს. ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს. რაც შეეხება სიძულვილის ენის დეფინიციას, მაქსიმალურად ვიწროდ არის ჩამოყალიბებული, რომ ინტერპრეტაცია არ მიეცეს. თუ ვინმეს კანონპროექტი მაინც აშფოთებს, ევროკავშირს უნდა ესაუბრონ. სიძულვილის ენაზე ვიწრო გაგებით არის საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.