აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი ღაზაში, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით სავარაუდოდ, პარასკევამდე, 20 ოქტომბრამდე არ შევა.
„ისინი ჯერ გზის მოწესრიგებას აპირებენ. საჭირო იქნება ორმოების ამოვსება, რათა სატვირთო მანქანებმა გავლა შეძლონ. მათი შეფასებით, ამას დაახლოებით რვა საათი დასჭირდება“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
მანამდე საერთაშორისო მედია იტყობინებოდა, რომ რომ ბაიდენი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ სისისთან შეთანხმდა, რომ თავიდან ღაზაში 20 სატვირთო მანქანა შევიდოდა.
„თუ „ჰამასი“ მანქანებს ჩამოართმევს ან არ გაუშვებს, მაშინ ეს ყველაფერი შეჩერდება, რადგან არ ვაპირებთ „ჰამასისთვის“ ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას. მე ამის პირობა მივეცი“, - თქვა ბაიდენმა.
მისი თქმით, ღაზაში დახმარების განაწილებას გაერო-ს წარმომადგენლები განახორციელებენ.
თუ ყველაფერი შეუფერხებლად და „ჰამასის“ ჩარევის გარეშე წარიმართება, ღაზაში საზღვართან გაჩერებულ დანარჩენ მანქანებსაც შეუშვებენ.
ჩრდილოეთ სინაის წითელი ნახევარმთვარის ხელმძღვანელმა ჰალიდ ზაიდმა მანამდე განაცხადა, რომ 200-ზე მეტი სატვირთო მანქანა, რომელიც სამი ათასი ტონა ჰუმანიტარული დახმარებით არის დატვირთული, ღაზაში შესვლას ელოდება.