სალომე ზურაბიშვილი თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ნებისმიერ უცხოელ აქტორს, რომელთანაც შეეცდება, ვიზიტი შეათანხმოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„აქამდე ჩვენი პარტნიორები იტყოდნენ, რომ ჩვენ თქვენს კონსტიტუციაში ვერ ვერკვევით, თქვას საკონსტიტუციო სასამართლომ - აქვს თუ არა უფლება, რომ მან ეს ვიზიტი განახორციელოს. 16 ოქტომბრის შემდგეგ ეს არის ცხადი და მოველით, რომ ჩვენი პარტნიორები ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთპატივისცემაზე, უპირველეს ყოვლისა ჩვენი სახელმწიფოს პატივისცემაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ხაჭაპური და ხინკალი რომ ვინმეს მოსწონს, ასე მოსწონდა საბჭოთა კავშირის წამყვან რესპუბლიკა რუსეთს 70 წელი ხინკალი და ხაჭაპური. იმიტომ კი არ გვინდა ჩვენ ვიყოთ ნაწილი დამოუკიდებელი ქვეყნების ერთობისა, იმიტომ გვინდოდა დამოუკიდებლობა, რომ გვქონოდა ჩვენი სახელმწიფო და კონსტიტუცია და იმიტომ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი, თავისუფალი ერების ნაწილი, რომ პატივი სცენ ჩვენს კონსტიტუციას და ჩვენს სახელმწიფოს. ეს არის მოლოდინი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.