ჩვენს ხელთ არსებული დაზვერვის მონაცემებით, რომელიც რამდენიმე წყაროდან გვაქვს, „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გაშვებული რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე საავადმყოფოში ჩავარდა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„18:15 საათზე „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. შემდეგ, 18:59 საათზე „ისლამურმა ჯიჰადმა“ ათამდე რაკეტა გაისროლა სიახლოვეს მდებარე სასაფლაოდან. ეს იყო 18:59 საათზე, როდესაც გავრცელდა ცნობები ქალაქ ღაზაში ალ აჰლის საავადმყოფოში აფეთქების შესახებ.
ჩვენი დაზვერვის თანახმად, „ჰამასმა“ გადაამოწმა ინფორმაცია და მიხვდა, რომ ეს იყო „ისლამური ჯიჰადის“ რაკეტა, რომელიც არასწორად გაისროლეს და გადაწყვიტა, დაეწყო გლობალური მედიაკამპანია იმის დასამალად, რა მოხდა სინამდვილეში.
გაზარდეს დაშავებულთა რაოდენობა. ისინი აცნობიერებდნენ, რომ „ისლამური ჯიჰადის“ მიერ არასწორად გასროლილმა რაკეტამ დააზიანა საავადმყოფო.
ჩვენი საჰაერო კადრების ანალიზი ადასტურებს, რომ უშუალო დარტყმა თავად საავადმყოფოზე არ ყოფილა. ერთადერთი დაზიანებული ზონა იყო საავადმყოფოს გარეთ, პარკინგის ზონა, სადაც ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ ხანძრის კვალი. არავითარი კრატერი, არავითარი სტრუქტურული ზიანი მეზობელ შენობებზე. არც ერთი ჰაერიდან ნასროლი საბრძოლო მასალა არ ტოვებს ასეთ უცნაურ ზიანს“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „შეუძლებელი იქნებოდაა იმის გარკვევა, თუ რა მოხდა ისე სწრაფად, როგორც ჰამასი ამტკიცებს“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა დაიჯეროს ვინმემ მომხდარის ისრაელის ვერსია, მან აღნიშნა, რომ ადრე ისრაელი "სწრაფად აკეთებდა დასკვნებს", მაგრამ ახლა სამხედროებს საათები დასჭირდათ ფაქტების ავთენტურობის გადასამოწმებლად.