გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ისრაელში ვიზიტისას ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე ესაუბრა. ამის შესახებ შოლცმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი, ჩვენი ქმედებები ეფუძნება კანონის უზენაესობას. მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს გზებზე, რათა ღაზაში მცხოვრებმა ხალხმა ჰუმანიტარული დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს“, – აღნიშნა შოლცმა.
ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს.
„არცერთმა აქტორმა არ უნდა ჩათვალოს, რომ კარგი იდეაა ამ კონფლიქტში გარედან ჩარევა. ეს იქნება სერიოზული, მიუტევებელი შეცდომა“, – დასძინა ოლაფ შოლცმა.