„ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდების ინსტრუმენტად რომ მიიჩნია, ეს იმთავითვე არ იყო რთული ამოსაცნობი. ევროპული მომავლის საბოტაჟი სცადეთ შარშან, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთანავე. ყველა რესურსი გამოიყენეთ, მათ შორის, საერთაშორისო კავშირები, რომ საქართველოს უკრაინასთან ერთად არ მიეღო ევროპული პერსპექტივა. ეს მაშინ საზოგადოების მღელვარებისთვის გჭირდებოდათ, საზოგადოების მღელვარება კი - არჩევნების გარეშე ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. არ გამოგივიდათ, იმიტომ რომ არც საზოგადოების ნდობა გაქვთ და არც ხალხი ტყუვდება მარტივად, როგორც თქვენ გგონიათ“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ შემდეგ ეტაპზე, საბოტაჟი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს მოუწყო და ბოიკოტი გამოუცხადეს სამუშაო ჯგუფებს, რათა ბრიუსელი დაერწმუნებინა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება რეკომენდაციების შესასრულებლად არაფერს აკეთებდა.
„არც ეს გამოგივიდათ. ჯერ კიდევ ივნისში, ევროკომისიის ანგარიშის მომზადება დაწყებულიც რომ არ იყო, ევროკომისიამ სამი რეკომენდაცია სრულად შესრულებულად გამოაცხადა და დანარჩენის შესრულების პროგრესიც შეაფასა. ევროპული მომავლის საბოტაჟის შემდეგმა მცდელობამ ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნის აბსურდულ იდეამდე მიგიყვანათ: “ხელისუფლებას არ ეკუთვნის, მაგრამ ხალხს უნდა მისცეთ სტატუსიო” - ასე ფუთავთ თქვენს მიზანს, ნებისმიერ ფასად კანდიდატის სტატუსის გარეშე დატოვოთ ქვეყანა დეკემბერში. არადა ამის გაფიქრებაც კი ქვეყნის მტრობაა იმდენ მავნებლურ საფუძველს აერთიანებს ერთად, არათუ საერთაშორისო ფორუმებზე პოზირება და ცრუ ნარატივებით ევროპის დედაქალაქების გაბრუება, საქართველოს ინტერესების საზიანოდ“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მაკა ბოჭორიშვილმა ოპოზიციის იმ მოსაზრებებსაც უპასუხა, რომლის თანახმადაც თითქოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საქართველოს ხელისუფალთა შორის „პრეზიდენტი ერთადერთი ჭეშმარიტი მებრძოლი“ იყოს.
„ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა მაქვს: თუკი საქართველოს პრეზიდენტი არის იმ ძალის მატარებელი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროკავშირის აზრის ფორმირებაზე და უზრუნველყოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რატომ არ გამოიყენა მან ეს ძალა შარშან, ვიდრე საქართველო დაუმსახურებლად მიიღებდა უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებულ პასუხს ევროკავშირისგან?! ⁃ რატომ არ დაარწმუნა ევროკავშირის ლიდერები შარშან, რომ საქართველოს დაჩაგვრა კანდიდატის სტატუსის გამოყენებით დაუშვებელია და მხოლოდ რუსეთს აძლევს ეს ხელს?! ⁃ რატომ არ მიმართა მან ევროპარლამენტს შარშან ივნისამდე, მაშინ როდესაც რამდენიმე ევროპარლამენტარის ინიციატივით, აბსოლუტურად უსაფუძვლო და უსამართლო რეზოლუციას იღებდა ევროპარლამენტი და ამით მზადდებოდა საფუძველი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის არმონიჭებისთვის?! ⁃ როგორც ვნახეთ, პრეზიდენტმა ევროპარლამენტისადმი მიმართვა შეძლო წელს მაისში, რომელსაც წინ უსწრებდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან სტრასბურგში გამართული შეხვედრა, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება და არავინ ვიცით მისი შინაარსი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა საკუთარი თავი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან, პოლიტიკურად უსუსური ოპოზიციონერების რიგებში ჩამოაქვეითა და პრეზიდენტის ინსტიტუტი პოლარიზაციის გაღრმავების დამატებით წყაროდ აქცია, მაშინ როდესაც ერის ერთობის ხელშეწყობაში ისტორიული როლი შესრულება შეეძლო.
„არ გაიყიდება და არ შეიფუთება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე უკანონო და უსაფუძვლო შეტევა ევროპული მომავლისთვის ბრძოლად. სინამდვილეში ახლა, ერთადერთი მიზანი გაქვთ და როგორც ჩანს პრეზიდენტის დახმარება გჭირდებათ ამაში. თქვენი კალიბრი აღარ ყოფნის ამ საქმეს, როგორმე საქართველოს დაუწესოთ ახალი წინაპირობები ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ეს არის ზუსტად საბოტაჟი, ეს არის ამ ქვეყანაში რუსული მიზანი და ამ მიზანს ემსახურებით თქვენ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.