ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო განცხადება იყო, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა. მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი განცხადება იყო - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნა: „პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად“.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, პრეზიდენტმაკონსტიტუცია დააღვია არა შემთხვევით, არამედ გამიზნულად, რათა გარკვეული მოტივაციით დაპირისპირებოდა საქართველოს კონსტიტუციას.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო განცხადება იყო, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა. მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი განცხადება იყო. მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ ახლა მუქარების ძახებას, სჯობდა, წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც „გაბედულ“ გადაწყვეტილებას, კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას იღებდა. უმნიშვნელო ფაქტორი არ გახლავთ, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დამტკიცდა. დაარღვია არა შემთხვევით, არამედ გამიზნულად, რათა გარკვეული მოტივაციით დაპირისპირებოდა საქართველოს კონსტიტუციას. არცერთი იდეა არ ამართლებს არაკონსტიტუციურ მოქმედებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.