იმპიჩმენტის პროცესმა სტატუსის მიღების შესაძლებლობა თუ დაგვაკარგვინა, პასუხისმგებლობას საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოც, ის ამას ვერ გაექცევა , - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილის შეფასებით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სერიოზულად დამაზიანებელია საქართველოს დასავლური კურსისთვის.
„ახლა ალბათ სამართლებრივ მსჯელობას არანაირი აზრი არ აქვს, საკითხი უკვე გადავიდა პოლიტიკურ ველზე, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სამართლებრივი ნაწილი არის დასრულებული, თუ შეიძლება, ერქვას, რომ ამ საქმეს საერთოდ სამართლებრივი ჰქონდა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, საერთოდ ამ საქმის სასამართლომდე მიტანა, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება, უკვე ძალიან დიდი დოზით, სერიოზულად დამაზიანებელია საქართველოს დასავლური კურსისთვის, ევროინტეგრაციის პროცესისთვის, უკიდურესად დამაზიანებელია სტატუსის მინიჭების შანსებისთვის თვითონ ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ვიმყოფებით. ეს არის სამწუხარო რეალობა. როგორ დასრულდება პარლამენტში, ეს გამოჩნდება, მაგრამ თუ აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ იმპიჩმენტის საკითხის დაწყებამ, წამოწყებამ, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გადატანამ და ასე შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვხია უკან, უახლოეს თვეებში სტატუსის მიღების შესაძლებლობა დაგვაკარგვინა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ამ შედეგზე პასუხისმგებლობას საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოც. ის ამას ვერ გაექცევა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.