საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ, როგორც ამბობენ, პოლიტიკურად მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენონ თანამდებობიდან იმის გამო, რომ იგი ევროპელ ლიდერებს სთხოვდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პოროცედურას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის სამი შეხვედრა – 31 აგვისტოს შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტთან, პირველი სექტემბერის შესხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 6 სექტემბერის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან. თავიდან უმრავლესობის წევრები ამტკიცებდნენ, თითქოს შეხვედრებზე გაჟღერდა რაღაც ისეთი, რაც ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციას და სტატუსის მინიჭების საკითხს. სასამართლოს განხილვამ აჩვენა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამას გაამყარებდა. პარლამენტმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეზიდენტმა რაიმე ქმედებით ხელი შეუშალა სტატუსის მინიჭების საკითხს. პირიქით, თავად დასკვნასაც თუ გადავხედავთ, ცდილობს სასამართლო თავიდან აირიდოს ეს საკითხი, რადგან ძალიან მკაფიოდ არის დადასტურებული, რომ პრეზიდენტის ყველა ქმედება შეეხებოდა და ამ შეხვედრების შინაარსიც იყო ევროპის წამყვანი ლიდერებისთვის თხოვნა მხარდაჭერისა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად. საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ, როგორც ამბობენ, პოლიტიკურად მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენონ თანამდებობიდან იმის გამო, რომ იგი ევროპელ ლიდერებს სთხოვდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ძალიან ვცადეთ და გვინდოდა, საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივ ჭრილში დარჩენილიყო, ის არ გამხდარიყო პოლიტიკური მხარე, სამართლებრივი კუთხით ემსჯელა სხვადასხვა საკითხზე. სხვათაშორის, დღესაც სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი არ გამოცხადდა განხილვებზე. არ გამოცხადდა კი არა, პრეზიდენტი წარმოდგენილი იყო წარმომადგენლების, ჩვენ მიერ ზუსტად იმიტომ, რომ სასამართლო განხილვა ყოფილიყო სამართლებრივი განხილვის და არა პოლიტიკური ჭიდაობის, თუ კინკლაობის სივრცე. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი იქ ყოფნა.
სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო. როცა ვკითხულობთ დასკვნას, ძალიან მიმყარდება ეს სამწუხარო განცდა, რომელიც გამიჩნდა განხილვების დროს. პირველი წუთიდან, როგორც კი სხდომა დაიწყო, სრულიად გასაგები გახდა, სად იდგნენ მოსამართლეების უმრავლესობა. დიდი მადლობა რამდენიმე მოსამართლეს, რომელმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა. განსხვავებული აზრების არსებობა ამ საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა არ არის ერთსულოვანი სასამართლოს მხრიდან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.