საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით განამტკიცა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და უთხრა როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას, რომ ყველამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა იმას, რომ ქვეყანამ, ყველა არჩეულმა ლიდერმა და ყველა ინსტიტუტმა თავისი საქმე უნდა აკეთოს კონსტიტუციის დაცვით. თუ ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფო, უნდა დავიცვათ კონსტიტუციის პრინციპები და ის წესები, რაც სახელმწიფოსთვის არის ძირითადი და ყველასთვის სახელმძღვანელო. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ განამტკიცა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და უთხრა როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას, რომ პირველ რიგში, ყველამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია, წესები და მხოლოდ ამ გზით და ამ ჩარჩოებში შეგვიძლია, ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მათ შორის ის, რისიც ძალიან გვჯერა.
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია, ისევე როგორც დასავლურ დემოკრატიებში, არსებობს კონსტიტუციური წესრიგი, სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსი. როგორც კი წარმოიშვა დავა და იმპიჩმენტი დავიწყეთ კონსტიტუციის დარღვევის საფუძველზე, ჩაერთო საკონსტიტუციო სასამართლო და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებობს სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი. საქართველო დღეს არის ბევრად უფრო ევროპული და თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო, ვიდრე იყო ათი წლის წინ, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო და ყველა ინსტიტუტი იყო ერთი ადამიანის ხელში და ის იღებდა გადაწყვეტილებებს. რეალურად, მარტივი კაზუსი იყო და ხელის გულზე იდო კონსტიტუციის პრინციპის დარღვევა. სამმა მოსამართლემ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, ეს არის მაგალით, როგორ ფუნქციონირებს რეალურად დემოკრატია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საკითხი უბრუნდება პარლამენტს და ორი კვირის ვადაში პარლამენტმა უნდა განიხილოს გადაწყვეტილება, ჩაატაროს კენჭისყრა იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
ეს კვირა სასესიოა. ამ კვირაში იქნება საკითხი განხილული და კენჭისყრა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.