საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა. გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პარლამენტის 80-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართა. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს დაიწო და 5 ოქტომბერს დასრულდა.
კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენდა „საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით“.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში გადაინაცვლებს.
1-ელ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პრიცესს იწყებს. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია."