უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი უკრაინაში. მისივე თქმით, აგრესორი მიიღებს ძლიერ პასუხს.
„ყველა ადამიანი, რომლებიც ჩვენ გვეხმარება, სრულად ინფორმირებულია ბრძოლის ველზე არსებული აქტუალური ვითარების შესახებ. მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტული სვლების დაგეგმვა შეუძლია. ვიცით ისიც, როგორ ვუპასუხოთ ოკუპანტს და ვუპასუხებთ ძლიერად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს დახმარებისთვის.
„დამატებითი საჰაერო სისტემებისთვის რაკეტების გარდა, იქნება ახალი გამშვები დანადგარები. ვმუშაობთ სისტემების სხვადასხვა სახეობაზე. იქნება სისტემებისთვის სათადარიგო ნაწილები, რომლებსაც უკრაინა უკვე იყენებს. ასევე იქნება არტილერია, ჭურვები, უპილოტო საფრენი აპარატები, ჯავშანტექნიკა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
13 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რამდენიმე ქვეყანასთან შეთანხმდა ზამთრის პერიოდისთვის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით.