ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები ჰქონდეს. ეჭვი არ მეპარება, სათანადო ხმებს მოაგროვებენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ქეთი თურაზაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას კატეგორიულად გამოვრიცხავთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში იპოვიან ხმებს. ეჭვმიტანილი არიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი სიით გასული დეპუტატები.
როცა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა იყო, 95-96 ხმა დაფიქსირდა. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ნაწილთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუ „ქართული ოცნების“ ქცევებს დავაკვირდებით, ყველაზე საშიშები მაშინ არიან, როცა თავს იკატუნებენ. ახლაც თავს იკატუნებენ, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს ვერ შეაგროვებენ. სინამდვილეში კი, დარწმუნებული ვარ, დღე და ღამე მოლაპარაკება, ვაჭრობა მიმდინარეობს. ოპოზიციაში სხვადასხვანაირი ხალხია და მათ სხვადასხვა ინტერესი აქვთ. „ქართულ ოცნებაში“ მათი სურვილები, მიზნები და მისწრაფებები მშვენივრად იციან და ისეთი რამის შეთავაზება შეუძლიათ, რაც მათთვის მომხიბლავი იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.