მე და რომან გოცირიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლოდინი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები იქნება.
„მე და რომან გოცირიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელება, ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება და პროცესი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის წამოწყებული, რომ შეიქმნას საინფორმაციო ქაოსი. მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ 100 ხმის მოგროვების პრობლემა ექნება. რაც შეეხება ოპოზიციას, მეეჭვება, რომ სხდომათა დარბაზში 100 ხმა მოგროვდეს. ამის რესურსს ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ იმ ადამიანებზე, ვინც ოპოზიციას წარმოადგენენ. ვინც ხმას მისცემს იმპიჩმენტს, ეს ადამიანები მონაწილეობას მიიღებენ ევროინტეგრაციის კურსის დაბრკოლებაში. ამიტომ ყველა უნდა დაფიქრდეს, ვიდრე მწვანე ღილაკს მიაჭერს ხელს“, – განაცხადა დეკანოიძემ.